თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით და უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს შერჩევით, მიმდინარე წელს ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათ შორის უცხოური თარგმანები. ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად თსუ-ის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი გამოიყო.
გამოსაცემი სახელმძღვანელოები შესაბამის ფაკულტეტებზე კონკურსის გზით შეირჩევა, თითოეულ ფაკულტეტს სახელმძღვანელოების გამოსაცემად 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.
იურიდიულ ფაკულტეტზე მიმდინარე წელს 6 სახელმძღვანელო გამოიცემა. მათ შორის: „შესავალი საკონსტიტუციო სამართალში“, „ქართული ჩვეულებითი (ხალხური) სამართალი“, „შესავალი სამოქალაქო სამართალში“, „სამართლისმცოდნეობის შესავალი“, „საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი. კერძო ნაწილი.“
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 4 სახელმძღვანელოს (მათ შორის 2 თარგმანი) გამოსცემს: „განათლების ფსიქოლოგია“, ,,ქცევის და ემოციური აშლილობები ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში“, ,,შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ და ,,არავერბალური კომუნიკაცია”.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 6 სახელმძღვანელოს გამოსცემს, რომელთა შორისაა თარგმნილი და განახლებული სახელმძღვანელოები: „შიდა აუდიტი“ , ,,სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის: ნაწილი I“, სახელმძღვანელო საგნისთვის - „ეკონომიკური პოლიტიკა“ 1, 2, „ეკონომიკური პოლიტიკა“ II; (მაგისტრატურის საფეხურისთვის), „ეკოლოგიური და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა“, ,,მიკროეკონომიკა“.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოსცემს 4 სახელმძღვანელოს. მათ შორის: „პოლიტიკური იდეოლოგიები საქართველოში“, „სოციოლოგიის შესავალი“ (ნაწილი პირველი), „შესავალი სოციალურ მუშაობაში“, „მსოფლიოს რეგიონებისა და ქვეყნების საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (ნაწილი პირველი), „ნატო - ცივი ომიდან უკრაინამდე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ალიანსის ისტორია.“
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოსცემს 7 სახელმძღვანელოს. მიმდინარე წელს ფაკულტეტმა დასაბეჭდად შეარჩია: „ენათმეცნიერების შესავალი“, „რუსთველი და რუსთველოლოგია“, „საქართველოს ახალი ისტორია (1801- 1917)“, „ახალი და უახლესი თურქული ლიტერატურის სახელმძღვანელო“, „ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის შესავალი“, სახვითი ხელოვნების პრაქტიკული სწავლება - ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია“, „კანთაროსი - ძველი ბერძნული ენა სკოლებისა და უნივერსიტეტებისათვის“.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი სახელმძღვანელო „ბიოლოგიის შესავალი“.
მედიცინის ფაკულტეტი 3 სახელმძღვანელოს გამოსცემს: „პედიატრული სტომატოლოგია: ჩვილობიდან ზრდასრულობამდე“, „თანამედროვე მოუხსნელი პროტეზირება“, „ზოგადი ქირურგია“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს გამოცხადდება შესაბამისი კონკურსი. ყველა სახელმძღვანელოს კი ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა გამოსცემს, რომელიც თსუ სტამბაში დაიბეჭდება.